top of page

ძველი ქართული ლიტერატურის სწავლების პრინციპები სხვადასხვა კონფესიების მოსწავლეებისათვის

Nino Ghambashidze


ძველი ქართული ლიტერატურის სწავლების პრინციპები სხვადასხვა კონფესიების მოსწავლეებისათვის - „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის“ მაგალითზე


„გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია“ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირველი და, ჯერჯერობით ერთადერთი უმაღლესი საფეხურის საშუალო სკოლაა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და მოიცავს მე-8 - მე-12 კლასებს. იგი 2001 წელს დაარსდა თბილისში ქართული წარმომავლობის ცნობილი ამერიკელი მეცენატის - გივი ზალდასტანიშვილის მიერ. არსებობის 20 წლის მანძილზე ამერიკული აკადემია 1000-ზე მეტმა მოსწავლემ დაამთავრა, რომელთა დაახლოებით 5% არაქართული წარმომავლობისაა. მათ შორის 2 აზერბაიჯანელი, 1 ბალტიისპირელი, 5 ებრაელი, 4 რუსი, 20 ამერიკის მოქალაქე, 4 გაერთიანებული სამეფოს და 15 გერმანიისა და შენგენის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ოაჯხების შვილები. ჩვენს სტატიაში განვიხილავთ ისრაელისა და აზერბაიჯანის მოქალაქე მოსწავლეებისათვის ძველი ქართული ლიტერატურის სწავლების თავისებურებებს.

მნიშვნელოვანია თავიდანვე აღინიშნოს, რომ „აკადემიაში“ სწავლება ინგლისურენოვანია, გარდა ქართული და რუსული ენებისა. იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც კარგად არ ფლობენ ქართულს, შექმნილია ადაპტირებული პროგრამა - „ქართული, როგორც მეორე ენა“ (ე.წ. GSL – Georgian, as a Second Language). ეს პროგრამა მიზნად ისახავს სწავლების პირველი ორი წლის მანძილზე ქართულად საუბრისა და წერა-კითხვის სწავლებას. სასურველია, მოსწავლემ ამ ორი წლის მანძილზე იმდენად აითვისოს ქართული, რომ მე-11 და მე-12 კლასებში შეძლოს სხვა კლასელებთან ერთად ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამის ათვისება.

ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო პროგრამაზე საუბარი ამ სტატიაში არ იქნება რელევანტური, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ „აკადემიის„ საგნობრივი პროგრამა სრულ თანხვედრაშია საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მიერ დამტკიცებულ პროგრამასთან, რომელის 2014 წლიდან ამოქმედდა და დღემდე წარმოადგენს საბაზისო დოკუმენტს, არაქართველი მოსწავლეებისათვის ქართულ კულტურულ სივრცეში ინტეგრაციისა და ადაპტაციისათვის (ცენტრი 2015) (გვ.2). „ქართულის, როგორც მეორე ენის“ საბაზო საფეხურის (VII-IX კლასების) სტანდარტის მიხედვით, პროგრამის მიზნები, ენის კომუნიკაციური უნარების გაღვივებასთან ერთად წარმოადგენს: „1) მოსწავლეებს განუვითაროს სხვა კულტურათა დაფასებისა და პატივისცემის უნარი; 2) ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოებაში მოსწავლის სრულფასოვან ინტეგრირებას“ (პორტალი 2018) (გვ.1).

ჩვენს სტატიაში შევეცდებით წარმოვაჩინოთ ძველი ქართული ლიტერატურის, კონკრეტულად კი 3 აგიოგრაფიული ტექსტის („შუშანიკის წამება“, „აბო თბილელის წამება“ და „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“) სწავლების თავისებურებები სწორედ იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც წარმოშობით არ მიეკუთვნებიან ქრისტიანული კონფესიის სამყაროს, კერძოდ ვგულისხმობთ მუსლიმ და იუდეველ მოსწავლეებს.

პირველ რიგში, ისმის კითხვა: რა საჭიროა სხვა კონფესიების მოსწავლეებისათვის ეგზომ ღრმად ქრისტიანული რელიგიური დატვირთვის მქონე ტექსტების სწავლება? ამ თვალსაზრისით, საინტერესოა დიდი ბრიტანეთის გამოცდილება, რომელიც 1987 წელს გაფორმდა, როგორც საკანონმდებლო ჩარჩო და ავალდებულებს კერძო თუ სახელმწიფო სკოლებს ასწავლოს ქრისტიანობა (პროტესტანტიზმი) და კიდევ ორი სხვა რელიგია საგნობრივი კათედრის შერჩევით.

„ გაერთიანებული სამეფოს ინტერსარწმუნოებრივი კავშირიდაფუძნდა 1987 წელს, რათა განავითაროს სამოქალაქო შეგნება და აამაღლოს ცნობიერება ქვეყნის შიგნით არსებული სხვადასხვა სარწმუნოებრვი თემების ტრადიციების, სწავლებების, რელიგიური ფასეულობებისა და აგრეთვე ხელი შეუწყოს ადამიანებს შორის ურთიერთშემწყნარებლობას“ (UK 2021). ვფიქრობთ და სრულიად ვიზიარებთ დიდი ბრიტანეთის ამ გამოცდილებას, რომელიც პრინციპულად მსგავსია დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების გამოცდილებებისა. რელიგიური შემწყნარებლობის საფუძველი სწორედ სკოლაში უნდა ჩაიყაროს, სადაც მოსწავლე სხვადასხვა საგანს ეუფლება და გარდა ინფორმაციისა, იძენს გაცილებთ მნიშვნელოვანს - სწავლობს თანაცხოვრებას სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან. სწორედ ეს უნარი ხდება მომავალში საწინდარი მოსწავლის, როგორც ქვეყნის მოქალაქის აღზრდის თვალსაზრისით. ვფიქრობთ, და დარმუნებულნი ვართ, რომ სხვა თემებთან და საკითხებთან ერთად რელიგიის საგნის სწავლება სასკოლო დონეზე არამც და არამც არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ რელიგიის ისტორიის სწავლებით, არამედ მოსწავლეებს უნდა ეძლეოდეთ შესაძლებლობა გაეცნონ მათ ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა კონფესიების ცხოვრებისა და რელიგიური აღმსარებლობის წესებს.

ამ თვალსაზრისით წარმოგიდგენთ ერთ „ქეისს“, რომელიც „ამერიკულ აკადემიაში“ აღვწერეთ, მაგრამ ეს შემთხვევა აუცილებლად იქნება საერთო ყველა იმ სკოლაში, სადაც საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული სასწავლო გეგმა მოქმედებს.

იოანე საბანისძის მე-8 საუკუნის ტექსტში ვკითხულობთ, რომ არაბი ჭაბუკი, სახელად აბო, რომელიც ბაღდადში ცხოვრობდა და დიდად განსწავლული იყო ისლამსა და სხვადასხვა მეცნიერებებში, პროფესიით მენელსაცხებლე, ქართლის ერისთავ ნერსეს გაცნობის შემდეგ იმდენად დაინტერესდა ქრისტიანობით, რომ წამოჰყვა მას და დაიწყო ქრისტიანობის ღრმად შესწავლა, რის გამოც თბილისის ამირამ იგი სიკვდილით დასაჯა.

საკლასო დისკუსიისას, მოსწავლეთა მიერ ხშირად წამოიჭრება საკითხი - იყო თუ არა აბოს ეს საქციელი სამშობლოსა და საკუთარი რელიგიის ღალატი? ამ დისკუსიისას, ბუნებრივია, მოსწავლეები თანამედროვე მოქალაქის პოზიციიდან აფასებენ აბოს საქციელს და მათთის რელიგიური მიკუთვნებულობა პირდაპირ პროპორციულია სახელმწიფოებრივი თვითაღქმისა. ქრისტიანობის ტრადიციულ, ისტორიულ აღქმასთან ერთად, ამგვარ აღქმას, ერთგვარად განაპირობებს საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დადებული ხელშეკრულება - ე.წ. „კონკორდანტი“ (მაცნე 2002), რომელიც წარმოადგენს საკონსტიტუციო შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას შორის.

ძალაინ საინტერესოა ამ ტიპის დისკუსიაში არაქართველი, კერძოდ კი აზერბაიჯანელი, ან იუდეველი რელიგიის წარმომადგენელ მოსწავლეთა მონაწილეობა. როდესაც კლასში ამ დისკუსიას სწორედ განსხვავებული კონფესიების წარმომადგენელი მოსწავლეები ესწრებიან და კამათში აქტიურად იღებენ მონაწილეობას, გაკვეთილის მიზანი ყველაზე უკეთ სწორედ მაშინ აღწევს ხოლმე ყველაზე უკეთ მიზანს - მოსწავლეები ახერხებენ გამიჯნონ პირადი რელიგიური გამოცდილება, რწმენა - ტრადიციისაგან. ამრიგად მათი რელიგიური თვითაღქმა გაცილებით ადეკვატური ხდება. ისინი ახერხებენ გამოჰყონ „ნასწავლი“ პირადი რწმენისაგან და ამრიგად ახერხებენ უფრო მაღალი მიზნის მიღწევასაც - ხდებიან ტოლერანტულნი სხვა კონფესიების მიმართ. ხდება იმის გააზრება, რომ თანამედროვე სეკულარული სამყაროს ბევრი პრობლემა სწორედ რწმენისა და ტრადიციის აღრევისაგან მომდინარეობს. დღეს ადამიანების დიდმა ნაწილმა დაკარგა უნარი იყოს შემწყნარებელი სხვა რელიგიის წარმომადგენლის მიმართ, ვინაიდან, უპირველეს ყოვლისა, თავად აქვს დაკარგული რელიგიურობის შეგრძნება.

ეს პრობლემა, ვფიქრობ, გაცილებით მწვავედ სწორედ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში დგას, ვინაიდან საბჭოთა დიქტატურა, უპიველეს ყოვლისა, უპირისპირდებოდა სწორედ რელიგიურობის ნებისიმიერ გამოვლინებას და ათეიზმი იდეოლოგიის, შეიძლებ ითქვას, რელიგიის რანგშიც კი ჰყავდა აყვანილი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მკითხველი დამეთანხმება, რომ მეტად მნიშვნელოვანია „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის“ გამოცდილება - შეეცადოს რაც შეიძლება მალე არაქართულენოვანი მოსწავლეების ინტეგრირებას ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამაში. ეს ინტეგრაცია სასარგებლოა როგორც ეთნიკური, თუ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეებისათვის, არამედ, მათზე მეტად, სწორედ იმ ქართველი მოსწავლეებისათვის არის მნშვნელოვანი, ვინც მომავალში უნდა შექმნას ქართული სახელმწიფოს წამყვანი ინტელექტუალური ძალა, როგორც ამას ამერიკული აკადემიის მიზნებში ვკითხულობთ: „ჩვენ გვჯერა, რომ სკოლამ უნდა აღზარდოს ჯანსაღი ღირებულებების მატარებელი, გონიერი, მრავალმხრივ განვითარებული ადამიანები, რომელთათვისაც განათლება საკუთარი თავის შეცნობის, სამყაროს შეცნობისა და მისი გაუმჯობესების საშუალებაა. ჩვენ გვჯერა, რომ ქართული კულტურის ცოდნა და დაფასება ჩვენი პროგრამისა და სკოლის ეთოსის ქვაკუთხედს წარმოადგენს“ (Gzaat 2020).


სტატიის ავტორი: ნინო ღამბაშიძე


Works Cited

  1. Gzaat. გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში. 2020. http://www.gzaat.org/ge/community/saturday-academy (accessed ოქტომბერი 20, 2020).

  2. UK, The Inter Faith Network for the. RELIGIOUS EDUCATION ACROSS THE UK. London, 01 2021.

  3. მაცნე, საქართველოს საკანონმდებლო. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ. თბილისი, 10 22, 2002.

  4. პორტალი, ეროვნული სასწავლო გეგმების. ქართული, როგორც მეორე ენა საბაზო საფეხურის სტანდარტი. თბილისი, 2018.

  5. ცენტრი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების. ეთნიკურ უმცირესობათა სკოლების მასწავლებლების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდისათვის - პოლიტიკის დოკუმენტი. თბილისი, 06 2015.

 
 
 

Commentaires


Post: Blog2 Post

©2020 by GZAAT Gazette.

bottom of page